თეგი: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 74 ხმით „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ" რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა გააცნო. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობა, საბაბის და არა მიზეზის მოხმობით ცდილობს, თავი არიდოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეზოლუციების მხარდაჭერას. მისივე თქმით, ამგვარი იყო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ამგვარი იყო ამ მოწვევის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის თაობაზე მიღებული რეზოლუცია, რომელშიც მოხსენიებული იყო რუსეთი, როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც მათთვის დაუჭერია მხარი. „ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, თითქმის ერთხმად წინააღმდეგია ამ რეზოლუციის მიღების. ეს გულდასაწყვეტია, რადგან, სასურველი იქნებოდა რომ რეზოლუცია მიგვეღო ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით. თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპოზიციის თვითმიზანი არის არა რეალური საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, არამედ, მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია. მინდა მოვუწოდო, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ფრაქციებს, გაითვალისწინონ ისტორიული რაკურსი, ექსკურსი და ხმა მისცენ ამ რეზოლუციას, რადგან წლების შემდეგ, მათი ხელმოწერები ამ რეზოლუციაზე არ აღმოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პროექტის ინიციატორებისგან მოითხოვდნენ რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ ყოფილიყო დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაცია, მათი თქმით, დოკუმენტი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებდა მხარდაჭერას და არ დარჩებოდა მხოლოდ მმართველი გუნდის ერთპარტიულ დოკუმენტად. „რეფორმების ჯგუფიდან“ თეონა აქუბარდიას თქმით, მისი მხარდაჭერა ამ რეზოლუციას ვერ ექნება. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რამდენადაც ის არის შინაარსისგან დაცლილი და რამდენადაც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ის გათვლილია ყველანაირ სცენარზე და დროს გაუძლებს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, მოერიდეთ მისი სახელის ხსენებას, თქვენ ანაცვალეთ პარლამენტში ერთიანობას თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და თქვენი შიშები და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აჩვენეთ ყველას, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ამ პარლამენტში შეთანხმება არის შეუძლებელი“. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, „დაპირისპირება, რომელშიც ჩვენ დიდი ხანია შევედით, არის თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის“. „არანაირი შუალედური პოზიციები აქ არ არსებობს. შენ ან გინდა იყო თავისუფალი სამყაროს წევრი და მზად ხარ ამისთვის იბრძოლო ბოლომდე. ან არ გინდა თავისუფლება და უნდა დაელოდო და ნახო. იმარჯვებს ბოროტება? მაშინ აღარც დაგჭირდებათ თავის და ხალხის მოტყუება, რომ თავისუფლების მხარეს დგახართ. იმიტომ, რომ არ დგახართ ამ მხარეს. თავისუფლების მხარეს რომ იდგეთ, როგორ გაბედავდით, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ახრჩობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე მოძმე ხალხს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან, საქართველოს პარლამენტში წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერია ნათქვამი“. თავის მხრივ, ბადრი ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, ეყოს გამბედაობა და აგრესორს უწოდოს აგრესორი. „იმიტომ, რომ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ არის თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება ჩვენი უახლოესი მეგობრის საზღვრებთან და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას. არგაღიზიანების პოლიტიკა დავარქვათ ამას, უხერხემლო პოლიტიკა თუ სხვა, კვლავ ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციაზე, დაძაბულობაზე. თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, ამით ვიმეორებთ იგივე გზავნილს, რასაც ამბობს რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდა.“ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე განაცხადა, რომ, „დღეს, აქ, პარლამენტის დარბაზში სრული ლუსტრაცია მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. „ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი-ეს არის რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენ ვერ ბედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ჩაწერილი იყოს რეზოლუციაში, როდესაც მთელი ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მოდით, ერთობლივი რეზოლუცია მივიღოთ, ერთად წავიდეთ უკრაინაში, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ ის საფრთხეები, რომელიც იყო აუცილებელი“.

სვენ მიქსერი პოლიტიკურ პარტიებს ხვდება

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი პოლიტიკურ პარტიებთან გამართავს შეხვედრებს. „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ოპოზიცია სვენ მიქსერთან ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პრობლემებზე, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებს. „სვენ მიქსერთან ვისაუბრებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე მუდმივ თავდასხმებზე, ჩვენ გვაქვს ამის ძალიან მძიმე მაგალითი, როცა ყველანაირი დისკუსიის გარეშე გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე საგარეო საკითხებზე და ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, თანამშრომლობის იგნორირებაზე, რაზეც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ აღებული პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტით, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ჰორიზონტზე არ ჩანს „ქართული ოცნების“ დამსახურებით", - განაცხადა ახათუნა სამნიძემ. სვენ მიქსერმა პირველ თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის. 3 თებერვალს ის ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

ქართველი ოპოზიციონერები უკრაინაში იმყოფებიან

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლელოს დელეგაციის წევრებმა დღეს რადაში შეხვედრები გამართეს. „ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, სიმბოლურად ლელოს ლიდერებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს დროშა გაშალეს. „ყველა ქართველის სახელით ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა გამოვასწორეთ. ჩვენ აღვმართეთ რადაში საქართველოს დროშა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ სამარცხვინო და ტრაგიკული პროცესების მერე, რომელიც ჩვენ გავიარეთ ქართულ პოლიტიკაში, დღეს რადაში პირველად გაიშალა ქართული დროშა, იქ სადაც მისი ადგილია. ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ, რადას დეპუტატებმა გაშალეს სხვადასხვა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, იქ არ იყო ჩვენი ქვეყანის სიმბოლიკა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ ეს უსამართლობა და გავშალეთ ქართული დროშა იქ სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა ყოფილიყო, ჩვენი მეგობრების გვერდით. ქართველებიზ ხმა ახლა კიევში მკაფიოდ ისმის" - აცხადებს ლელოს ლიდერი გრიგოლ გეგელია. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ხაზარაძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ოფიციალური შეხვედრები გამართეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ვიზიტის ფარგლებში „ლელოს“ ლიდერები ასევე შეხვდებიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ქართული დიასპორის წევრებს. პარალლეურად, 3 თებერვალს, „დროას“ წევრები, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი კიევში რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი „დროას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები. „საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა და მუშაობა ორგანიზაციებს შორის, პროდასავლური ინტერესების გასატარებლად. ჰანა ჰოპკო უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ევრომაიდნის პროცესების ერთ-ერთი ლიდერია. ამჟამად ANTS-ის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომლის მისია უკრაინის თანამედროვე და ძლიერ ევროპულ ქვეყნად გადაქცევაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა

25 თებერვალს, 12 : 00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა. სხდომა მოწვეულია პრეზიდენტის განკარგულებით, რომელსაც შესაბამისი მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა. საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაგზავილი მოთხოვნის გათვალისწინებით რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით: 1. პრემიერ -მინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ; 2. საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან რეგლამენტი პლენარულ სხდომაზე პრემიერის დაბარების განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული

პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო

პარლამენტმა  „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 79 ხმით მიიღო. „ეს გახლავთ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტი. კანონის მიღებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან და ეს შეფასდება აუცილებლად ძალიან დიდ პროგრესად“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა. ახალი კანონით გარდა იმისა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპებია განსაზღვრული, ასევე წესრიგდება სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები, დგინდება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, საგარანტიო ვადები და მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შედეგები. კანონით დგინდება, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო, უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები და დგინდება მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები.  კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება

უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ისარუბა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერს შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება. „მე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოვიწვიე იმისთვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ, მასთან მექნება სატელეფონო საუბარი და მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი, მისი უკრაინაში ვიზიტისას. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ორგანიზებას იმას, რომ დელეგაციის ვიზიტი წარიმართოს წარმატებით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, პარლამენტარებმა საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა „იმედის“ ეთერში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. შეგახსენებთ, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პარლამენტში 12 აპრილს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელიც უკრაინას უნდა ეწვიოს, „ქართული ოცნებისა“ და ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენლებისგან შედგება. ჯერჯერობით უცნობია, დელეგაციას უხელმძღვანელებს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა ხამნიძის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ დელეგაციის ვიზიტი გაიმართება უკრაინაში და რომ ეს საორგანიზაციო საკითხები ძალიან სწრაფად მოგვარდეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ამ დროისთვის შეთანხმებულები არიან, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება დელეგაციაში. უფრო მეტი დეტალი 13 აპრილს გახდება ცნობილი. 8 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ასევე წაიკითხეთ უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება? ირაკლი კობახიძე: არსებობს ზოგადი მზაობა, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა აქ არის ძალიან მკაფიო წინაპირობები

ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი: ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდა ისლანდიაში საქართველოს ელჩი, ნატა მენაბდე. შეხვედრის შემდეგ, ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა Facebook-ის  გვერდზე დაწერა, რომ ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. „საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო.  როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, საქართველოს მოსახლეობის 80%, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. ეს არის ქართველი ერის არჩევანი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოების და თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. კარგად გვესმის საქართველოს ეს პოზიცია და მტკიცედ ვუჭერთ მას მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი მიიღებს საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილებას. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება წაახალისებს ყველა იმ დასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს იბრძოლოს   პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო გზავნილი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ახლა რუსეთისთვის ძალიან სიმბოლურია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით NATO-სა თუ ევროკავშირში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად. ისლანდიას, როგორც NATO-ს დამფუძნებელ ქვეყანას შეუძლია აიღოს მკაფიო ვალდებულება და ხელი შეუწყოს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლანდია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს NATO-ს ივნისის სამიტზე და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს. ბევრი რამ დგას სასწორზე“, - წერს ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი,  ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირი Facebook-ის  გვერდზე.

საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართა

ოპოზიცია ევროკავშირს სთხოვს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი წერილი ევროინტეგრაციის საკითხებზე პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს საზოგადოებას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარტია „მოქალაქეებიდან“, ლევან იოსელიანმა გააცნო. „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის კულტურული და ისტორიული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედიათავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მოჰყვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რაც ისტორიული მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის. დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს. მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი, ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას, ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, შესაბამისად, ამ სტატუსზე უარი საზოგადოებაში აღქმული იქნება, როგორც უარი ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელის მომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. გთხოვთ, დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“, - ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ მიმართვაში. წერილთან დაკავშირებით, „ევროპელი სოციალისტების" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, ბევრი გვქონდეს საკამათო, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს არის ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი“, - აღნიშნა თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმართვას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დეპუტატებმა მოაწერეს ხელი. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები. როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს, მეორე ნაწილი კი, 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოში 2013 წლის შემდეგ პატიმრების საჩივრები აღარ შესულა

„2013 წლიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოდან პატიმრების არცერთი განცხადება არ მიუღია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. რატი ბრეგაძის თქმით, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით და უწყება კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას პენიტენციური სისტემის რეფორმირების მიმართულებით. „თუმცა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ყველაფერი იდეალურადაა. სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა პატიმრობის ახალ კოდექსზე, რათა დავინახოთ ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ“, – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას და პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს  მოუსმინეს.    

პლენარულ სხდომაზე, უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის გიორგი ბოტკოველის თხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. „ეს ადამიანები არ ყოფილან დაქირავებული ადამიანები. ეს ადამიანები თავისი შეგნებით, წავიდნენ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. სწორედ ამ ადამიანების პატივისცემის ვალდებულება გააჩნიათ თითოეულ ჩვენგანს. ბატონო პრემიერო, თქვენ მათ დღეს დაქირავებული ადამიანები უწოდეთ. ამ ადამიანების უმეტესი მათგანი 2008 წლის ომის გმირები არიან და უმეტესი მათგანი ბევრი ომის მონაწილეა საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას მოგიწოდებთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას“, -განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.   რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას 14 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 98  ხმით  მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ღიაობა იქნება დაშვებული. იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა საპარლამენტო ჯგუფის  „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა წარადგინა. ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში და დგინდება რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, გამოაკლდება სახალხო დამცველი. მისი თქმით, ეს ცვლილება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა.  

გაეროს სააგენტოთა ჯგუფი, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაციის დაკანონება არ გადადოს

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს.  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა. საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და  თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც. აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას. ​მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას.  დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს მხარი დაუჭირა. რის საფუძველძეც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.     

საქართველოს პარლამენტმა უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

„თქვენი ჩამოსვლა მნიშნელოვანია. გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სითბო დაგანახოთ თქვენ და დავანახოთ უკრაინელ ხალხს. თქვენ გაქვთ ახლა განსაკუთრებული პერიოდი. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი ქვეყანა, ჩამოაყალიბოთ მეგობრობა თანატოლებთან, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში გაგყვებათ. პარლამენტი იქნება თქვენი მეგობარი და დღეს თქვენი ვიზიტით ეს მეგობრობა შედგა“,-  განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიღებაზე, რომელიც პარლამენტში საქართველოში მყოფი უკრაინელი სტუმრებისთვის გაიმართა. ომის შედეგად დაზარალებული ქალაქ მიკოლაევის ოლიმპიური სკოლის 24 აღსაზრდელი და მათი მწვრთნელები საქართველოს პარლამენტის და თბილისის მერიის ორგანიზებით  თბილისში წინასაახალწლო დღეებს გაატარებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ვიცე-სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს ბავშვების ჩამოყვანის ორგანიზებისთვის  მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „როდესაც საუბარია მეგობრობის ჯგუფებზე, ეს, როგორც წესი, არის საპარლამენტო დიპლომატიის ნაწილი, მაგრამ ამ წელმა აჩვენა, თუ რამხელა დატვირთვა აქვს მეგობრობის ჯგუფებს.  მიხარია, რომ უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა ამდენი რამ შეძლო და ასე მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთს ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებს, ხალხებს და არის გარკვეული საპარლამენტო ხიდი, რომელიც დღეს არის განსაკუთრებულად აქტიური“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფ უკრაინელ ბავშვებს ასევე სიტყვით მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, - „ეს ვიზიტი დაგეხმარებათ, ისტორიის ამ რთულ მომენტში, როდესაც უკრაინაში ომია და უკრაინა იბრძვის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, კიდევ ერთხელ იგრძნოთ თქვენი მეგობრების ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს უყვარხართ და გვინდა, უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ჩვენ გვსურს უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა წარმართოს თავის ქვეყნის მომავალი და ამაში მთელ დასავლურ საზოგადოებასთან ერთად, უკრაინას აქვს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ამ რთულ დღეებში საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინელი კოლეგების მიმართ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძემ თავის მხრივ თბილისის მერს კახა კალაძეს გადაუხადა მადლობა პროექტის ორგანიზებისა და ბავშვების ჩამოყვანაში გაწეული დახმარებისთვის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა კი ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს მიმართა სამადლობელი სიტყვით გაწეული ძალიხსმევისთვის. საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, უკრაინის რადას დეპუტატმა ლუდმილა მარჩენკომ კი განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის დადასტურებაა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკრაინის და უკრაინელი ბავშვების მიმართ იჩენს. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოს პარლამენტის და  დედაქალაქის მერიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, - ნაქთქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პარლამენტი პოლიტიკური ჯგუფებისთვის წიგნების დარიგებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებით, სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს. „განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება. პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია. ადრესატებში განსაზღვრული იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი  - „ლუციფერის მხილება“ დარიგდა. „ლელოს“ აპარატის ხელმძღვანელმა ლანა გალდავამ განაცხადა, რომ წიგნი პარლამენტის აპარატმა დაარიგა და ის ოპოზიციონერ დეპუტატებს გადაეცა. მისივე ინფორმაციით, წიგნზე წერია, რომ ის გამიზნულია პარლამენტარების, სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი.  

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს და სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას ეს არის საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება 29 აპრილის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას - მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის დემოკრატიზაციის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, დააკვირდნენ არჩევნებს და ჩვენთან ერთად ჩაერთონ ელექტრონული არჩევნების დანერგვაში. საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება ხომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში იმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. სულ გაიხსნა 165 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% იღებს. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს. რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც - პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ათივე მუნიციპალიტეტში 185 056-ია. აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია შუალედური არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი. არჩევნებს ასევე დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 457 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 19 მედიაორგანიზაციის 353 წარმომადგენელი. საკანონმდებლო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით მრავალეტაპიანი სწავლება გაიარეს შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებმა და ისინი სრულად არიან მზად ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახურონ. დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება, იაპონიასთან ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო-ჩინეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. სამხარაძეს შეკითხვა ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების შესახებ 2020 წელს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დაუსვეს. მისი თქმით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ისედაც ჰქონდა ღრმა პარტნიორული ურთიერთობა. მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც გულისხმობდა, რომ ახალ დონეზე ურთიერთობების აყვანას. „ის რომ მთავრობას სჭირდებოდა ამის პარლამენტთან შეთანხმება, არის უადგილო, რადგან პარლამენტს მთავრობისთვის ეს პირდაპირ ჰქონდა დავალებული,“ - განაცხადა სამხარაძემ. სამხარაძის განცხადებით, „რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის.“ ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების სრულდება. „ინდოეთთან მიმდინარეობს ახლა მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის თემაზე, სადაც არის დასრულდება და ხელი მოეწერება. კორეის რესპუბლიკასთანაც იგივე ხდება; იაპონიასთანაც ვიცით, რომ ამ თემაზე მუშაობა შეჩერებულია იმიტომ, რომ იაპონური მხარე ემზადება ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით ახალი ხედვის წარმოსადგენად და ეს ჩემი იაპონიის ვიზიტის დროსაც დადასტურდა," - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 2017 წელს მოეწერა ხელი.

ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

პარლამენტმა, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნა. ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა.   პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი ქართული დემოკრატიის საწყისები როგორც კანონშემოქმედებითი, ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის მხრივ. „დღეს სწორედ სიმბოლურია, დღეებია დარჩენილი, რომ ევროპულმა საბჭომაც ზუსტად იგივე თქვას, რაც არის ბანალური ჭეშმარიტება, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპა და ყველა ამ გადაწყვეტილებას ველოდებით. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ზურაბ ჟვანიას, მისი მაგვარი პოლიტიკოსების, არამხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის ბოლო 30 წლის განმავლობაში, არამედ, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, მანამდე, ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრები, მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მანამდეც – იქნებოდა ეს სულხან-საბა, ფარსმან ქველი – ყველა ეს თაობა, ერთ რამეს გვაჩვენებს, როცა ვუყურებთ ისტორიას და სწორედ ამან ათქმევინა ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიას, რომ საქართველო, არის შემოქმედი ევროპისა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ჯილდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიას გადასცა. ღონისძიებას პარლამენტის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.